15 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ვადამდელი არჩევნების თარიღზე ისევ მსჯელობენ - ვინ დგას "ნაციონალური მოძრაობის" ორ ბანაკად გაყოფის მიღმა

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ვადამდელი არჩევნების თარიღზე ისევ მსჯელობენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ დრომდე მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ხმის მიცემა ელექტრონულად გაიმართება. ფორმაზე შეჯერება კი ვერ ხერხდება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, წინასაარჩევნო კამპანიაში დეტალების დაზუსტების შემდეგ ჩაერთვება. სწორედ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს გეგმავს ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბარს. მათ შორის იმაზეც, თუ რამ განაპირობა პარტიის ერთი ჯგუფის მოთხოვნა - თავმჯდომარის ასარჩევად რიგგარეშე კენჭისყრის გამართვის შესახებ.

ვინ დგას "ნაციონალური მოძრაობის" ორ ბანაკად გაყოფის მიღმა, ნიკა მელიას ფრთა ჯერ ღიად არ საუბრობს, თუმცა ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილება, რომ ის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს, მათთვის იმის მანიშნებელია, რომ პროცესები ერთი გეგმის მიხედვით მიდის. გეგმა კი სავარაუდოდ დავით კეზერაშვილის მიერ არის განსაზღვრული. სწორედ ყოფილ თავდაცვის მინისტრზეა საუბარი - როგორც პარტიის მეორე ფრთის უკან მდგომ ყოფილ მაღალჩინოსანზე. მასთან დაკავშირებით კი განმარტებების გაკეთება უწევს ლევან ხაბეიშვილს, რომელიც დღეს კეზერაშვილის გუნდს წარმოადგენს, წლების წინ კი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დამნაშავედ მიიჩნევდა.

ხაბეიშვილის უკან რომ მხოლოდ კეზერაშვილი არ დგას - ამას პირად საუბრებში უკვე არ მალავენ თავად პარტიაშიც. პროცესებისგან დისტანცირებას არ ცდილობენ თავად ყოფილი ძალოვანებიც. ვანო მერაბიშვილმა მისი ფავორიტის სატელევიზო ინტერვიუ საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზეც გააზიარა.

ლევან ხებეიშვილს დღეს გიგა ბოკერიამ უპასუხა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს.

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, სახელისუფლებო გუნდს ეჭვი ეპარება, რომ პარტია ერთიანობას შეინარჩუნებს. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა 2024 წლის არჩევნებისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ სივრცეში დარჩენა შეძლოს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა პოლიტსაბჭოს მორიგი სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან, სადაც პარტიაში ჩანიშნული ვადამდელი არჩევნების თარიღი და სხვა დეტალები უნდა განსაზღვრონ.

დღის ამბები