დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილებები მმართველი გუნდის ვერსიისგან განსხვავებით, ქართულ რეალობას ადეკვატურად ერგება და მასში ოლიგარქიის კრიტერიუმები უფრო მკაფიოდ არის გაწერილი. "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პროექტში არა კონკრეტული სახელების ჩაწერა, არამედ იმ მექანიზმების შემუშავებაა, რაც ოლიგარქიულ მმართველობას შეუძლებელს გახდის.
ოპოზიციური პარტიის მერ შექმნილი პროექტის მიხედვით, ოლიგარქად ჩაითვლება პირი, თუ ის პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას, ან მისი ოჯახის წევრები და მასთან დაკავშირებული ადამიანები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებს. ასევე, თუკი კონკრეტული პირის აქტივები ქვეყნის მშპ-ს 0,35 % -ს აღემატება და საკუთრებაში აქვს მიწის რესურსის 7%-ზე მეტი. როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ალტერნატიული კანონპროექტი, მათ პარტიასთან დაკავშირებული ოლიგარქების დაცვისთვის გამოიყენოს.
"ქართული ოცნების" მსგავსად, "ნაციონალური მოძრაობის" კანონპროექტი მხარდაჭერას სავარაუდოდ ვერც ოპოზიციურ ფლანგში მოიპოვებს. დეპუტატების ნაწილი კოლეგებისგან დამატებით არგუმენტაციას ელოდება, ნაწილის შეფასებით კი, დეოლიგარქიზაციის საკითხს ორივე მხარე მხოლოდ პარტიული ინტერესებისთვის იყენებს.
"ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა. საკომიტეტო განხილვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში უკვე მკაფიო პოზიცია აქვთ. გარდა პოლიტიკური შეუთავსებლობისა, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, პროექტი სამართლებრივადაც გაუმართავი და ანტიკონსტიტუციურია.
დეოლიგარქიზაციის შესახებ, საკანონმდებლო ორგანოში უკვე აქტიურად განიხილება მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი. გასულ კვირას მას დეპუტატებმა მხარი, მეორე მოსმენით დაუჭირეს. დღეს დღის ბოლოს ევროკავშირის წარმომადგენლობამ თბილისში წერილობითი კომენტარი გაავრცელა და თქვა რომ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. უკრაინული მოდელი, კი რომლსაც "ქართული ოცნება" კენჭს უყრის, კიევმა უკვე გადააგზავნა რეკომენდაციებისთვს ვენეციის კომისიაში, თუმცა ამ დრომდე პასუხი არც მათ მიუღიათ.