15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
სადავო "ფეისბუქ" პოსტი და ადვოკატების ეჭვები - რამდენიმე კვირაა სააკაშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ინტოქსიკაციის გამო გაუარესდა

მოწამლულია თუ არა პატიმარი ექსპრეზიდენტი? ეს ფაქტი ახლა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა დაამტკიცოს, უკვე რამდენიმე კვირაა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ინტოქსიკაციის გამო გაუარესდა.

დღეს სადავო გახდა თავად პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტიც. დაცვის მხარე ჟურნალისტებს ეკითხებოდა, ის რაც სოციალურ ქსელში წაიკითხეს, ექს-პრეზიდენტს ეკუთვნოდა თუ არა. მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე კი შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: პატიმარი ღიად ამბობს, რომ საკუთარ ჯანმრთელობასა და მით უფრო მოწამვლის საკითხზე არავისთან უსაუბრია.

"ვივამედის" პალატაში მყოფი პატიმრის მდგომარეობა, როგორც ჩანს მხოლოდ იმ დოზით ადარდებს მის თანაპარტიელებს, რამდენადაც ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. "ნაციონალურ მოძრაობაში", ისინი, ვინც ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებად დარჩნენ, ღიად ამბობენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას იქს პოლიტიკოსები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მესამე პრეზიდენტის შეწყალებას კი მეხუთე არ აპირებს, საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ღიად განაცხადა - პრეზიდენტი ციხეში არ უნდა მოკვდეს.

ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია კლინიკა "ვივამედიდან" პირველებმა მისმა ინტერესების დამცველებმა რამდენიმე კვირის წინ გამოიტანეს. ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილმა ნივთიერებებმა ეჭვი გაუჩინა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა ინტოქსიკაციის შედეგი ყოფილიყო. თუმცა დღეს სააკაშვილის ინტერესების დამცველებმა ნათქვამი რამდენჯერმე უარყვეს და დეზინფორმაციის გავრცელებაში მედიაც დაადანაშაულეს.

ადვოკატების მისვლამდე კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა და "კურიერთან" საუბარში არც ის გამორიცხა, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის საკითხით კონკრეტული ადამიანები სპეკულირებდნენ. მსგავსი გზავნილი ჰქონდა ხატია დეკანოიძესაც.

მიხეილ სააკაშვილს მალე ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება, პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უკვე მიმართა. კვლევებმა უნდა დაადასტუროს, მოწამლულია თუ არა მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი. იუსტიციის მინისტრი ყველას მოუწოდებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

ოპონენტებს პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს მმართველი გუნდიდანაც. "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოში მკურნალობის შესაბამისი კურსი უტარდება.

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის ეპიზოდზე დღესაც გადაიდო, მიზეზი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. უკვე მზად არის დასკვნაც, რომელიც უცხოელი ექსპერტების გამოკვლევის საფუძველზე მომზადდა და რომლის გამოქვეყნებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 

 

დღის ამბები