ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მოხდეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პაკეტის იმპლემენტაცია - ასეთი ჩანაწერები გაჩნდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ 2 რეზოლუციაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ დოკუმენტში, რეზოლუციაში დაფიქსირდა, რომ არსებული რეჟიმის პირობებში რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა.
საქართველოს დელეგაციის წევრები მადრიდიდან თბილისში პოზიტიური გზავნილებით ბრუნდებიან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესიას აფასებენ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ორმხრივი შეხვედრების შედეგებზე საუბრობს.
"ხაზს გავუსვამდი მეორე რეზოლუციას, სადაც საუბარია ეფექტიან იმპლემენტაციაზე, რომლისკენაც ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრს სახელმწიფოებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც იქნა მიღებული მადრიდის სამიტზე. ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ასევე საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეულ პრეზიდენტთან. ყველას მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე," - განაცხადა ბერაიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება ხელშესახები შედეგია.
"რუსეთი რეზოლუციაში მოხსენიებულ იქნა როგორც ტერორისტული სახელმწიფო, რასაც პრეცედენტი აქამდე არ ჰქონია. ეს უკავშირდება რუსეთის იმ აგრესიულ ომს, რომელსაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა, არის ომის დანაშაულები, გენოციდი. ხაზგასმა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, უკრაინის, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის, ასევე ხელშესახები შედეგია და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება არის ის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს დელეგაცია ვბრუნდებით სახლში," - ამბობს აქუბარდია.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც რუსეთის მიერ დაწყებული ბრუტალური ომის შედეგად გამოვიტანეთ, არის ის, რომ პრევენციულად უნდა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს," - ამბობს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა დღეს მადრიდში საქართველო არაერთხელ ახსენა.
გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ საქართველოზე დასმულ შეკითხვას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვრცლად უპასუხა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია მადრიდში დასრულებულია.