კელი დეგნანის ინფორმაციით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული დაბნეულობა, რადგან უკრაინული კანონპროექტის დასკვნაზე ვენეციის კომისიიდან მოთხოვნა გამოწვეულია. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, უნდა გადაიგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, როგორც ეს საქართველოს მთავრობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ურჩია.
"ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე," - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი.
შტატების ელჩის განცხადებას შეფასება მოჰყვა "ქართული ოცნების" მხრიდან. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ დეგნანის მსგავსი განცხადება ევროკავშირის ელჩს არც პირად, და არც საჯარო საუბრებში არ გაუკეთებია.
"საინტერესოა, რომ ევროკავშირის ელჩს ეს არც პირად, არც საჯარო საუბრებში არ უთქვამს და ამას ვიგებთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ რა იყო წინაპირობა და საფუძველი ამ ინიციატივის გამოწვევის, თუ კი ასე მოხდა და ამის მიხედვით გვექნება პოზიცია რა საკვირველია. ისე შევახსენებ, ასევე ჩვენსა საზოგადოებასაც, რომ უკრაინას ევროკომისიამ რეკომენდაციებში ამ უკვე დამტკიცებული კანონის იმპლემენტაცია ჩაუწერა, რაც ნიშნავდა იმას, რომ კანონის მიმართ კითხვის ნიშნები არ იყო, პირიქით, ჩვენ ევროპელი ლიდერების მიმართ პოზიტიური და დადებითი შეფასებები გვაქვს მოსმენილი ზუსტად იმ ინიციატივის მიმართ, რომელიც უკრაინას აქვს მიღებული," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკომისიის მაღალი თანამშებობის პირებს დადებითი დასკვნა აქვთ გაკეთებული, რითიც მისივე თქმით, ყველაფერია ნათქვამი.
"ფაქტია, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ დადებითი დასკვნა გაკეთებული, თამამი ნაბიჯი - ასე შეაფასა ევროკომისარმა ეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინულ მხარეს ჰქონდა მიღებული, ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი, მითუმეტეს, როდესაც უკრაინულ მხარეს ამ კანონის იმპლემენტაციის ვალდებულებაც კი მიეცა მაშინ, როდესაც შესაბამისი სტატუსი მიენიჭა ევროკავშირში გაწევრიანებისა როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.