"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რომ მოიმხროს ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში დაეხმარება.
"მე დღეს ვიმყოფები სასამართლოში და დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით. ბრძოლაში ვერ ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. მოვუწოდებ ყველას ერთობისკენ, ჩვენი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემს უკან დგას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დიდი არმია. როდესაც ამბობენ, ხაბეიშვილს ეს უჭერს მხარს? ძალიანაც გავლენიანი ყოფილა ხაბეიშვილი თუ ყველა მხარს უჭერს. დარწმუნებული ვარ და გავაკეთებ ყველაფერს, მოვიმხრო აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ მემხრობა რუს ოლიგარქთან ბრძოლაში", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კომენტარს "პირველი არხი"ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მომავალ არჩევნებშიც იყრის კენჭს, აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ისაუბრებს გულწრფელად ყველა თემაზე როგორც პარტიის წევრებთან, ასევე მედიასთან.
"TV პირველის“ ეთერში მან ენმ-ის თავმჯდომარეობის დროს გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მის აქტიურობაზე ისაუბრა.
მელიას თქმით,"ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რასთან აქვთ საქმე, როდის და რატომ არიან აქტიურები და როდის – არა", ამის შესახებ საქმის კურსშია ლევან ხაბეიშვილიც.
ენმ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას არ ახსოვს არცერთი ალტერნატიული გეგმა ან შემოთავაზება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" დაიბლოკა.
ნიკა მელია აანონსებს, რომ მისი კამპანიის დროს საუბარი იქნება, როგორი უნდა იყოს ენმ მომავალში. მისი თქმით, ვინ იქნება გამარჯვებული, განსაზღვრავს მომავალ არჩევნებში პარტიის ბედს. მისივე თქმით, საზოგადოება მალე გაიცნობს მის გუნდს.