"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის დისკუსია ახალ ეტაპზე გადავიდა.
ნიკა მელიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არის არასაჯაროდ ჩართული პროცესებში და რეალურად რა არის "ნაციონალური მოძრაობა".
მან კონკრეტული სახელები და გვარები არ დაასახელა, თუმცა დააანონსა, რომ ყველაფრის დრო მოვა. "ნიკა მელია ბნელ ოთახში კატას ეძებს - ამბობს მისი კონკურენტი. ლევან ხაბეიშვილი ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილთან კონტაქტს ადასტურებს, თუმცა პარტიაზე მათ გავლენებს უარყოფს.
"ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები არ გადავიდეს იმ ფაზაში, რომ ბოლოს სისხლიან ბანერზე გამომაკრან და სისხლიან 9 წელზე ისაუბრონ - ეს ხუმრობითაც და სერიოზულადაც. მე მგონია, რომ ეს არის შიდაპარტიული დემოკრატია და შესაბამისად იმაზე უნდა ვიმსჯელოთ როგორ უნდა გაძლიერდეს პარტია. პარტიის თავმჯდომარე და მათ შორის ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ პარტიის ხელმძღვანელი იყოს, არ უნდა იყოს დაკავებული ოპოზიციაში რაღაცების ძებნით. პარტიას ახლა ერთობა და გაძლიერება სჭირდება. პირადად მე მზად ვარ ყველასთან ერთად სამუშაოდ, ოღონდ ჩემი მთავრი საქმეა ბიძინასა და რეჟიმის მხილება, თუკი ნიკა მელიამ საკუთარი თავისივე პარტიის მხილება დაისახა მიზნად, რომელშიც არის, ეს მისი საქმეა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ნიკა მელიას მხარდამჭერები, ლევან ხაბეიშვილს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მის ძველ განცხადებებს ახსენებენ და მბობენ, რომ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კანდიდატმა პოზიცია ბოლო 5 დღის განმავლობაში ხშირად შეიცვალა და მათი თქმით, ეს მიანიშნებს არაფორმალურ პროცესებზე.
ნიკა მელიას მხარდამჭერთა აზრით, საჯაროდ უნდა იყოს დაფიქსირებული ყველა მსგავსი ინტერესი და ადამიანები გარკვეული ჩრდილიდან უნდა გამოვიდნენ.