15 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
ადამიანი, რომელიც საერთშორისო საზოგადოებას საქართველოზე სანქციების გავრცელებისკენ მოუწოდებს, ჩვენი ქვეყნის მტერია - სოზარ სუბარი კრამერზე

საქართველოს მეგობრის ნიღაბი ჰქონდა აფარებული და მან ეს ნიღაბი ჩამოიხსნა, - განაცხადა მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადების პასუხად, რომლის თანახმადაც „ამჟამად, სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის“.

სოზარ სუბარის თქმით, ძალიან ცუდია, როცა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ასეთ განცხადებებს არ ემიჯნება.

"რაც შეეხება ზოგადად ქალბატონ კელი დეგნანს, დღეს გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ბატონი კრამერი ამბობს, საქართველოს სანქციები უნდა დაუწესდესო. მივმართე მას, რომ ახლა მაინც გვითხრას, ემიჯნება თუ არა ამ განცხადებას, თუმცა ამასობაში, როგორც ჩანს, მან (დეგნანმა) მოასწრო პასუხის გაცემა, რომ ეს არის კრამერის კერძო აზრი, ის ამაზე კომენტარს არ გააკეთებს და რომ კრამერი საქართველოს დიდი მეგობარია. პირდაპირ გეტყვით, რომ ადამიანი, რომელიც საერთშორისო საზოგადოებას საქართველოზე სანქციების გავრცელებისკენ მოუწოდებს, ჩვენი ქვეყნის მტერია. მას ჰქონდა აფარებული საქართველოს მეგობრის ნიღაბი და ეს ნიღაბი ჩამოიხსნა. ძალიან ცუდია, როცა ქალბატონი კელი დეგნანი ასეთ განცხადებებს არ ემიჯნება.

ისევე როგორც, როდესაც აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი კიზინგერი მოუწოდებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და ხელისუფლება იარაღით დაამხონ, ქალბატონი კელი დეგნანი კი ამ განცხადებას არ ემიჯნება და ამბობს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო - ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და არასწორი, რადგან გამოხატვის თავისუფლება არ იცავს შეიარაღებული გზით ხელისუფლებების დამხობის მოწოდებებს, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია სხვა, მეგობარ, პარტნიორ ქვეყანაზე," - განაცხადა სუბარმა.

დღის ამბები