ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თუ ვერ შეასრულებს ორ დაკისრებულ ამოცანას, რომელიცაა - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება და ასევე აღარ იტყვის "ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში", ის ენმ-ს დატოვებს.
"თუ ჩემი პარტია ვერ შესრულებს და მე პირადად არ შევასრულებ იმ ამოცანას რომელიც გვაკისრია ამომრჩევლების მიმართ, ესაა - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკასიც [გვარამია], ეს ერთი და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში". - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.
მოგვიანებით, ბრიფინგი გამართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.
მელია: ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როცა გნებავთ – მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობისთვის
პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ და აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.
ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.