"არ მინდა ვინმე გავაბრაზო, მაგრამ ქოცი არასდროს ვყოფილვარ და არც "გრეჩიხას" აქციაზე ვარ ნამყოფი. მაგალითად, ნიკა მელია ამბობს, რომ იყო," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას.
ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
ამით ხაბეიშვილმა მიანიშნა წარსულში გაკეთებულ ნიკა მელიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ 2008 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციის აქციაზე იმყოფებოდა.
"2008 წლის 23 იანვარს, გრანდიოზული აქცია გაიმართა იპოდრომზე, იმ ყინვასა და თოვლში. მეც გახლდით იმ აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე," - აცხადებდა ნიკა მელია.
ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუკი ეს მისთვის კომპრომატია, მაშინ რატომ იყო იმ პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც ნიკა მელიაა, რაზეც მან უპასუხა:
"ახლა გგონიათ, რომ ეს კომპრომატი იყო? მე ნიკასთან ერთად ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას და მე ადამიანებს არ ვყოფ. პარტია არ უნდა დაიყოს. ვინც ასე უყურებს და რადიკალურად არის განწყობილი, ის უშვებს შეცდომას. ნიკასთვისაც რატომ უნდა იყოს ტრაგედია თუ თავმჯდომარე არ იქნება, ჩემთვის ხომ არ არის, რომ არ ვარ თავმჯდომარე," - განაცხადა ხაბეიშვილმა.