"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ ისაუბრა, რომლის ლიდერიც მისი აზრით გიორგი ვაშაძე იქნება.
ბოკერია მიიჩნევს, რომ თავისთავად იდეაც კი რომ ერთ პოლიტიკურ სუბიექტში გაერთიანდეს განსხვავებული პოლიტიკური ძალები, მინიმუმ სარისკოა.
"დღეს, ამ თემაზეც გვქონდა საუბარი რომ ისტორია ზოგჯერ არასწორად ახსოვთ, დღეს, იძახდნენ რომ ოპოზიცია ერთიანი რომ იყო,ასე გაიმარჯვა ვარდების რევოლუციის დროსო და არ იყო ერთიანი, პირიქით, კონკურენცია იყო ოპოზიციის სხვადასხვა ძალებს შორის და ყველამ ის ამომრჩევლები მოიყვანა, ვისთანაც ახლოს იყო მათი ხედვა. ასე მოხდა შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმის ჯერ არჩევნებში დიდი უპირატესობით დამარცხება და როცა არჩევნების მოპარვა სცადეს, მერე მოჰყვა ამას რევოლუცია. დღესაც თქმა, რომ ყველა ერთ სუბიექტში უნდა გაერთიანდეს, ეს შეცდომაა პრაგმატულად, მინიმუმ ეგეც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროშა 2020 წლის არჩევნების წინ და ეს იყო უბრალოდ მცდელობა, რომ გადაეფარათ სხვა საკითხები, რომ აი ყველანი აქ შემომიერთდით და აქ ვიქნებით ძლიერები, ეს ერთი. თავისთავად იდეაც კი, რომ ერთად უნდა იყოს, ერთ სუბიექტში ბევრი განსხვავებული პოლიტიკური ძალა გაერთიანებული, მინიმუმ სარისკოა იმიტომ, რომ ამით შეიძლება ამომრჩევლების ნაწილი გაუცხოვდეს, თუ ძალიან ყოვლისმომცველ რამეს არ აკეთებ, ან ლიდერი არ გყავს, როგორც ივანიშვილი ჰყავდა "ქართულ ოცნებას", რომელიც ყველამ მიიღო.
2020 არჩევნებში კოორდინაცია იყო ჩვენი ინიციატივა, ოღონდ არა შერწყმა, არამედ სწორედ იმის დემონსტრირება, რომ განსხვავებულები ვართ და სადაც საჭიროა საერთო სტრატეგიული ამოცანებისთვის, იქ შეგვიძლია თანამშრომლობა, მაგრამ მანდ გვაქვს ცუდი გამოცდილება "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელმაც ეს კოალიცია დაარღვია, შემდეგ 2021 წელს თვითონ ვაშაძემაც უარი თქვა კოორდინაციაზე, მან ერთიან კანდიდატებს არსად არ დაუჭირა მხარი ისევე, როგორც მიშელის მოლაპარაკებების დროს, მორყევა ოპოზიციის პოზიციის და იმ შეცდომის დაშვება, რაც იქნა დაშვებული და რამაც ძალიან შეუწყო ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ხელი, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დემორალიზაციაში, მანდაც ცუდი გამოცდილება გვაქვს ამ პარტნიორებთან, მათ შორის ბატონ ვაშაძესთან",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.