15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
სოზარ სუბარი: ოპოზიციას არ უნდა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა უმთავრესი ამოცანაც ქვეყანაში არეულობა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ხელისუფლების დისკრედიტაციაა. 

"ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ებრძვის და უბრალოდ, ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც მათ, როგორც აგენტებს აძლევენ ქვეყნის გარედან.

პოლიტიკური პოლარიზაცია, აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მოვლენაა დემოკრატიაში, მაგრამ არის საკითხები, რომლებშიც ერთიანები უნდა ვიყოთ, ეს ეხება ქვეყნის მომავალს, ქვეყნის სტრატეგიულ ხედვას, საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებულ დებულებებს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის - ნატოს წევრი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ევროკავშირზე ვლაპარაკობთ. ამაში მაინც რომ ერთიანი იყოს ქართული პოლიტიკური სპექტრი, ვერავინ გაბედავდა აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და რომელსაც 208 დეპუტატმა მოაწერა ხელი. ვერც იმას გაუბედავდნენ ჩვენს ქვეყანას, რომ სრულიად არასამართლიანი გადაწყვეტილება მიეღოთ. როცა ორი+ერთი გაკეთდა, როცა სხვა სტატუსი მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას და სხვა სტატუსი მიანიჭეს საქართველოს.

ვინმე რომ არ მოგვედავოს, ხაზს გავუსვამ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არაფერს ვამბობთ, იმიტომ, რომ გასაგებია, ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, მაგრამ მოლდოვასთან შედარებით, როდესაც საქართველოს ბევრად უფრო მეტი აქვს გაკეთებული ევროპასთან დაახლოების კუთხით და ბევრად უკეთესი მდგომარეობაა საქართველოში, ყველა პარამეტრით, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას ესაჭიროება, უბრალოდ, ეს ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებაა. ამას ვერავინ ვერ გაგვიბედავდა, ამაში მაინც რომ ვიყოთ ერთიანები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები