15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს - რას ფიქრობენ პრეზიდენტის განცხადებაზე პატიმრის ადვოკატები და როგორია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი შეწყალებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ პასუხისმგებლობას სასამართლო სისტემას აკისრებს.

სასამართლოს კი, ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებულ დასკვნას სავარაუდოდ მომავალ კვირას წარუდგენენ, დაცვის მხარე აპირებს დასკვნის საფუძველზე სასჯელის გადავადება მოითხოვოს.

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დანიშნული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, დღეს ყოფილ პრეზიდენტს აღარ ჩაუტარდა. სააკაშვილის პალატაში პენიტენციური დაწესებულების იურისტი და "ვივამედის" სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდნენ, რომელთაც მისთვის ბიოლოგიური ნიმუში უნდა აეღოთ, დაელუქათ და სამხარაულის ბიუროში წაეღოთ. თუმცა დაცვის მხარემ თქვა, რომ მათ ექსპერტიზის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, შედგა ოქმიც.

ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტრომ სწორედ ადვოკატების განცხადების შემდეგ დანიშნა, დაცვის მხარე რამდენიმე დღის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ პატიმარი სააკაშვილი მოწამლეს, რაც თავად ყოფილმა პრეზიდენტმა უარყო და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ყველას მოუწოდა მისი ჯანმრთელობა სპეკულაციებისთვის არ გამოიყენონ. 

მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას კვლავ კლინიკა "ვივამედში" განაგრძობს. მისი ადვოკატი პრეზიდენტთან აუდიენციას გეგმავს და დღეს ამ თხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ ათონელის სასახლეში განცხადება დატოვა, მას სურს რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სალომე ზურაბიშვილს პირადად ესაუბროს.

დღის ამბები