15 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვას პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მაღალი დონის შეხვედრებზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა.

"როგორც მოლდოვა, ისე საქართველო ისწრაფიან ევროპულ ოჯახში განვითარებისკენ. ჩვენ საერთო ევროპული მომავალი ავირჩიეთ, ჩვენი საგარეო პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევთანხმდით და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ მეტი კოორდინაცია, მეტი ერთობლივი ძალისხმევა როგორ გავწიოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე, აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები.

"განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ საქართველო და მოლდოვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული უსამართლო ომის გამო. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ქვეყნებზე ამ ომის გავლენა სხვადასხვაგვარია, ჩვენ გვაერთიანებს მოსაზრება, რომ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ თავიანთი გზისა და მომავლის განსაზღვრა და რომ დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სამართალი. ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფებები ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის გზაზე სვლის თვალსაზრისით," - ამბობს მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში გამწვავებულ უსაფრთხოების გარემოს.

"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია და აზრების, ასევე გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან ჩვენ ერთი და იგივე გზას ვადგავართ და საერთო ევროპული მისწრაფებები გაგვაჩნია. მოლდოვას 9 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი, საქართველოს - 12. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ პროგრესის მიღწევას ამ გზაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზე და იმ ზემოქმედებაზე, რომელსაც ეს ომი ახდენს ჩვენს ქვეყნებზე: საქართველოსა და მოლდოვაზე. საუბარი შეეხო იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ," - განაცხადა მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ.

დღის ამბები