თბილისის საკრებულო დღეს 2023 წლის ბიუჯეტს განიხილავს. იზრდება ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. შენარჩუნებულია ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია. საფინანსო დოკუმენტის ამჟამინდელი მოცულობა მილიარდ 438 მილიონ 775 ათას ლარს შეადგენს.
ოპოზიციას შენიშვნები აქვს ადმინისტრაციულ ხარჯებთან და სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს წინა წლის ბიუჯეტის ინერციით გაგრძელებას უწოდებს.
"ეს ბიუჯეტი რაც წარმოადგინა მთავრობამ, არის წინა წლის ბიუჯეტის ინერციით გაგრძელება. სამწუხაროდ დღის წესრიგში და პრიორიტეტულ საკითხებში ვერ ვნახე ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორიც არის უსაფრთხოების საკითხები. რეალურად ბიუჯეტი, მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 121 მლნ ლარით მცირდება,"-აცხადებს ანა გოგოლაძე.
ამასთან, მმართველ გუნდთან შენიშვნები აქვს თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარეს საბა ბუაძეს. იგი ამბობს, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევა წლის უწყვეტი მომარაგება და საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა არ უნდა იყოს.
"აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა იმოქმედოს. იმისთვის, რომ 21 საუკუნეში არ გვიწევდეს საუბარი სრულფასოვან წყალმომარაგებაზე, არ გვიწევდეს საუბარი, რომ ადამიანებს კანალიზაცია ამოსდით სახლში და საკანალიზაციო სისტემა არის მოუწესრიგებელი. აუცილებელია ჩვენი საერთო ძალისხმევა, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების მიმართვა იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს,"-აცხადებს საბა ბუაძე.
რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბიუჯეტში ასახულია ყველა პრიორიტეტული მიმართულება და ხარჯები დაბალანსებულია.
"ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია, რომ რაიონული გამგეობის მიმართულება იყოს გაძლიერებული. უწყვეტად უნდა განხორციელდეს ყველა ჯანდაცვის პროგრამა და პროექტი, რაც წარმატებულად მიმდინარეობდა წინა წლებში. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და ამისთვისაც დამატებითი თანხების მობილიზება აუცილებლად ექნება მერიას გასათვალისწინებელი. აქ გაჟღერდა, რომ ციფრებით ვმანიპულირებთ, თუმცა ეს არ არის მანიპულირება- ეს რაის შედარებითი მოცემულობა,"-აცხადებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ კლება ბიუჯეტში მიმართულებით არ ხორციელდება
"თითქოს და წარმოდგენილ ბიუჯეტში სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით გვაქვს კლება და ამის აფიშირება ხდება. კლება ბიუჯეტში ამ მიმართულებით არ ხორციელდება - არც ერთი პროგრამა და ქვეპროგრამა, რომელსაც ახორციელებს თბილისი მერია არ მცირდება,"-აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.