სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ისრაელის ახალდანიშნულ ელჩს, ჰადას მეიცადს უმასპინძლა.
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ ლილუაშვილთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბატონ ლილუაშვილთან და მის გუნდთან.
მოვედი, რათა მისთვის პირადად გადამეხადა მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან და ამ უწყებამ გასწიეს საქართველოს ტერიტორიაზე ისრაელის მოქალაქის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პირადად ვყოფილიყავი აქ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება მომავალში,"- აცხადებს ისრაელის ელჩი.