ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორები, რომლებიც რუსული საფრთხეების გამო დამოუკიდებლობის დაცვა სჭირდებათ - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა დააანონსა, რომ სწორედ ამ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან ერთად, იმსჯელებენ მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ აგრესიაზე და მოცემულ რეალობაზე ბუქარესტში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ღირებული პარტნიორი უწოდა.
"ჩვენ შევხვდებით ბოსნიისა და ჰარცოგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის. ასე რომ, შეხვედრაზე ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა და გაძლიერდეს მათი თავდაცვის უნარიანობა.
ვფიქრობ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში ვხვდებით, აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ვიცით, რომ ეს პარტნიორები რუსეთის მხრიდან ჩარევის სამიზნეები არიან. საქართველოში განხორციელდა რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წელს და საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსთან მუშაობას რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა, დავეხმაროთ მათ მედეგობის გაძლიერებასა და საკუთარი თავის დაცვაში. საქართველოსთვის ჩვენ ასევე შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე და გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა," - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის გამო, დანარჩენი ევროპა და მთელი მსოფლიო ფასს იხდის.
"რუსეთის ომი უკრაინაში კვლავ საფრთხეს უქმნის ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება ხოლო მისი პასუხები კი უფრო სასტიკი ხდება. მიზანმიმართული სარაკეტო თავდასხმების ტალღა ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, უკრაინელ ხალხს ართმევს სითბოს, დენს და საკვებს.
მძიმე დროა დანარჩენი ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვისაც, ენერგიისა და სურსათის ფასების მატებასთან ერთად. უკრაინაში რუსეთის ომის გამო ჩვენ ყველა ფასს ვიხდით. თუმცა ეს ფასი ჩვენთვის არის მონეტებში, ხოლო უკრაინელებისთვის კი სისხლში. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ რა ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომაც მშვიდობის უზრუნველსაყოფელად უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იქამდე სადამდეც საჭიროა,"- აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.