15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილს საკუთარ გუნდში შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს - "კურიერის" ინფორმაციით, კეზერაშვილი და მერაბიშვილი თავმჯდომარეობის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატურის დასახელებას გეგმავენ

ლევან ხაბეიშვილს საკუთარ გუნდში შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს. "კურიერის" ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი თავმჯდომარეობის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატურის დასახელებას გეგმავენ. მისი ვინაობა ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილმა ძალოვნებმა ხაბეიშვილს შესაძლოა პარტიის ყოფილი წევრი დაუპირისპირონ. ხაბეიშვილის მომხრეები ამ ვერსიას არ ადასტურებენ, თუმცა კანდიდატურების მრავალფეროვნებას მიესალმებიან.

"კურიერის" ვერსიას ნაწილობრივ ადასტურებენ მოქმედი თავმჯდომარის გუნდის წევრები. ნიკა მელიას მხარდამჭერები ამბობენ, რომ ნებისმიერი ახალი კანდიდატის დასახელება ფარულად მოქმედი პირების მიზნებს და ინტერესებს გამოააშკარავებს.

გარკვეული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტიის რიგებში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს ხატია დეკანოიძე. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისთვის, თავმჯდომარის კომპეტენცია, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა და გვარამიას გათავისუფლება ის პირობებია, რომლის შესრულებასაც ახალი ხელმძღვანელისგან მოითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიებისთვის გადამწყვეტია ვისი გავლენები გაძლიერდება მთავარ ოპოზიციურ ძალაში. ყოფილი ძალოვნების დაბრუნების შემთხვევაში "ლელო" მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვეღარ ხედავს.

კეზერაშვილი-მერაბიშვილის მხრიდან ახალი გავლენების მოპოვების სურვილი და ფინანსური ინტერესი - ამას ასახელებს "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების მიზეზად მმართველი პარტია.

როდის ჩატარდება "ნაციონალურ მოძრაობაში" რიგგარეშე არჩევნები - თარიღი ისევ უცნობია. ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ჯერ-ჯერობით არჩევნების ჩატარების პრინციპზეც ვერ თანხმდებიან.

დღის ამბები