საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპულ ტურნეს პორტუგალიაში განაგრძობს.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით 6 კაციანმა ჯგუფმა დღეს შეხვედრა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობათა აღმასრულებელ მდივანთან გამართა.
ორგანიზაცია 2014 წლიდან თანამშრომლობს საქართველოსთან და იმ ქვეყნებში, სადაც ოფიციალურ თბილისს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას ატარებს.
ოფიციალური შეხვედრების გარდა, შალვა პაპუაშვილმა ლისაბონის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა და სტუდენტების მიერ დასმულ შკითხვებს უპასუხა. ოფიციალური ვიზიტი პორტუგალიაში ხვალ სრულდება.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ ბერლინში გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპულ ოჯახში ხედავს.
პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული დელეგაციის შეხვედრებზე პორტუგალიელ კოლეგებთან. დღეს კი ლისაბონის უნივერსიტეტში ამ თემებზე საუბრის პარალელურად, ასევე განიხილებოდა რა გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში, როგორი სიტუაციაა რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები და ასევე, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მეზობლების მიმართ.
პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი, ზაქარიას და კოსტას შეფასებით, მათ ქართულ დელეგაციასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
"ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და გავცვალეთ მოსაზრებები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. 2014 წლიდან საქართველო სადამკვირვებლო მისიის ასოცირებული წევრია, ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ ერთად ვმუშაობთ, აღსანიშნავია დღევანდელი ვიზიტიც," - განაცხადა ზაქარიას და კოსტამ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პორტუგალიის მხარდაჭერა და დახმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.