დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობას" დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნტიული კანონპროექტი აქვს მომზადებული.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ არ არის მიმართული კონკრეტულ სახელსა და გვარზე.
"ჩვენი კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ არ არის მიმართული კონკრეტულ სახელ-გვარზე და კონკრეტულ ადამიანზე, განსხვავებით "ქართული ოცნების" კანონპროექტისგან. ჩვენი კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ ახლანდელი იქნება თუ მომავალი, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ოლიგარქიული მმართველობის პრევენცია ამ ქვეყანაში მოხდეს," - აცხადებს ანა წითლიძე.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მხარს არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტს არ უჭერს.
"უნდა ვიზრუნოთ, რომ კონკრეტული ინსტიტუტები იყვნენ დამოუკიდებლები, სასამართლო, პროკურატურა, ცესკო და ა.შ. ამიტომ, ფაქტობრივად ამ პუნქტის შესრულება თუ გვინდა, სხვა პუნქტები უნდა შევასრულოთ და მაშინ ავტომატურად გამოვა, რომ ეს პუნქტიც შესრულებულია. "ქართულმა ოცნებამ" და ახლა უკვე "ნაციონალურმა მოძრაობამაც" რატომღაც აირჩია სულ სხვა მიმართულება, რომ ვიღაც ადამიანებს ხელოვნურად შეუზღუდოთ წვდომა პოლიტიკაზე, რაც ჩემი აზრით არასწორია, არც კონსტიტუციურია, არც მორალურად გამართლებულია. ამიტომ, მე "ქართული ოცნების" კანონპროექტის წინააღმდეგ მივეც ხმა და "ნაციონალური მოძრაობის" კანონპროექტის წინააღმდეგაც მივცემ ხმას," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, "ქართულმა ოცნებამ" ის კანონი გადმოიტანა, რომელიც ევროპაში მოწონებულია.
"რომ არ გაჩენილიყო არავითარი სასპეკულაციო საფუძველი ვინმეს მხრიდან, პირიქით ავიღეთ ის კანონი, რომელიც მოიწონეს ევროპაში და გადმოვიტანეთ. ოპოზიციამ გააკეთა ამის საპირისპირო, მათ შექმნეს კანონპროექტი, რომლითაც ისინი დადგნენ ოლიგარქების მხარეს, ისინი ზრუნავენ დაიცვან მათი დამფინანსებელი ოლიგარქები. მთავარი საზომი ჩვენთვის იყო ის, რომ ევროპული სტრუქტურები თუ პოზიტიურად უყურებენ ასეთი გზით კანონის მიღებას, თუ ისინი პოზიტიურად უყურებენ ამ უკრაინულ მოდელს და ვენეციის კომისიაშიც კი არის დასკვნა გაგზავნილი, ჩვენ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და ამის მიხედვით მივიღებთ კანონს," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.