ომის 276-ე დღეს უკრაინის მთავარ გამოწვევად ენერგომომარაგება რჩება. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღების გარდა, რუსული რაკეტების სამიზნე ელექტროენერგიის მომარაგების პუნქტებია. მათი დაზიანების ფონზე, მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კრემლის გენოციდური პოლიტიკა, უკრაინელების ტოტალური დამორჩილებისა და სრული განადგურებისკენაა მიმართული.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს დღეს, როდესაც პატივს მივაგებთ ჰოლოდომორის მსხვერპლი მილიონობით უკრაინელის ხსოვნას. კრემლის გენოციდური პოლიტიკა, როგორც მაშინ, ისე ახლაc, უკრაინელების ტოტალური დამორჩილებისა და სრული განადგურებისკენაა მიმართული. მაგრამ ახლა რუსეთის გენოციდური პოლიტიკა გასცდა ჩვენ სახელმწიფოს და ემუქრება მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასურსათო კრიზისი შეექმნა, რომელიც სწორედ უკრაინის პორტების ბლოკადამ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომმა გამოიწვია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავდით, გახლდათ ჩვენი ინიციატივა "მარცვლეული უკრაინიდან".
ბელგიამ მას პირველმა დაუჭირა მხარი, შეუერთდა სურსათის მიწოდებას სწორედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ძალიან უჭირთ და რომლებიც შესაძლოა, აღმოჩნდნენ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა შიმშილი.
მადლობას გიხდით ამისათვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს ბელგიის მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის მისწრაფების მიმართ," - აღნიშნა ზელენსკიმ.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო აცხადებს, რომ ბელგია მხარს უჭერს უკრიანის სუვერენიტეტს.
"თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ რისთვის ღირს ბრძოლა : დემოკრატიისთვის,იმ საზოგადოებისთვის, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს ცემენ, გმობენ უაზრო ძალადობას. ბელგია მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინული არმია ბრძოლის ველზე აიძულებს რუსეთის ძალებს, უკან დაიხიონ, რუსეთი კი საპასუხოდ ანადგურებს უკრაინის მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას. სწორედ ამიტომ საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. წინ შესაძლოა რთული ზამთარი იყოს. ჩვენ გაწვდით თქვენ გენერატორებს, უზრუნველვყოფთ სკოლებისა და საავადმყოფოების დახმარებას. ვიმედოვნებთ, ამ რთულ დროს თქვენ იმედს და სიმტკიცეს შეგმატებთ,"- აცხადებს ბელგიის პრემიერი.