პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, ლისაბონში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რაც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.
"ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ძლიერი დიასპორები გვყავს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს და ერთმანეთის დახმარებას ახერხებენ, არამედ ისინი ახერხებენ საქართველო წარმოაჩინონ ღირსეულად იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ადამიანებისთვის დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება. ამ შემთხვევაში ჩვენი და საპატრიარქოს მიდგომა ერთმნიშვნელოვანია - ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დაიბადნენ, აქ იზრდებიან, რათა არ დაკარგონ იდენტიფიკაცია თავის ქვეყანასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით არაერთი პროგრამა გვაქვს, ისევე როგორც სხვადასხვა სამინისტროს მხრიდან, შესაბამისი სერვისების ხელშეწყობისთვის," - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.