კრიზისში მყოფი უკრაინა ცდილობს, რომ სასურსათო დერეფნის მუშაობა უზრუნველყოს. მიღწეულია შეთანხმება, რომ აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნების მიმართულებით უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 60 გემი დაიძვრება.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამისთვის პარტნიორების მხარდაჭერით 150 მილიონი აშშ დოლარის აკუმულირება მოხერხდა. აქვე უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს პოლიტიკურ შეფასებას და ამბობს, რომ "უკრაინის ლიდერობა თავს განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იჩენს".
"უკრაინის მიწა დღეს ბრძოლის არენაა, რაც სასწორზე აყენებს არა მხოლოდ თავად უკრაინის დამოუკიდებლობას, არამედ ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგს. მოსკოვისთვის სასურველი ძველი წესრიგის აღდგენა ადვილი არ არის. რუსეთმა 9 თვის განმავლობაში ვერ მოახერხა მასზე ბევრჯერ პატარა და ნაკლებად დასახლებული ქვეყნის დამარცხება. რუსეთი არ იბრძვის თავისი მოქალაქეებისა და ტერიტორიისთვის. რუსეთი იბრძვის რათა აღადგინოს იმპერია და იცის, რომ იმპერია აგებულია უდანაშაულო ადამიანების ძვლებსა და გვამებზე, ზუსტად ისე, როგორც 90 წლის წინ ჰოლდომორის დროს. ჰოლოდომორმა უკრაინა ვერ გატეხა და მას ვერ გატეხავს დღეს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებიც. მილიონობით ადამიანი შეიძლება დაიღუპოს და ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ. შიმშილი და ომი სუსტი და განწირული იმპერიების მეთოდებია. იმპერიები, რომლებიც თავისი ცივილიზაციით ვერ ზიდავენ, მაგრამ ტერორით იმონებენ," - განაცხადა ზელენსკიმ.
"ეს არ არის ადგილობრივი ომი. ეს არის ის, რაც იწვევს გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებას. რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებს. . ჩვენ ვერ აღვადგენთ რუსეთთან ჩვეულ საქმიან ურთიერთობას, რადგან ჩვეული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან ნიშნავს, რუსეთთან ომის დაბრუნებას. სამოქალაქო ობიექტებზე მასირებული იერიშები ადასტურებს, რომ რუსეთი იმპერიალისტური ომიდან იმპერიალისტურ ტერორზე გადავიდა. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ პუტინმა გააგრძელოს, ის გახდება 21-ე საუკუნის სტალინი. ყველა ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს სტალინი. უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო და ფინანსური დახმარება, არამედ საქონლის ექსპორტში დახმარებაც, კერძოდ მარცვლეულის ექსპორტში," - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ.