ვინ იქნება ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, როგორი ფორმატით ჩატარდება კენჭისყრა, იქნება ეს პროცესი ღია თუ ფარული და რომელ კანდიდატს აქვს მხარდაჭერის მეტი შანსი - "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიულ პროცესებზე ბევრი რამ ჯერჯერობით ბუნდოვანია და ამ მხრივ მომდევნო კვირაც პოლიტიკურად საინტერესო იქნება. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, ზურაბ ჭიაბერაშვილს უკავშირდება.
"საუბარი არის პოლიტიკურ და მორალურ მხარეზე. არსებობს რაღაცები ამ ქვეყანაში, რაც მოსულა და რაც არ მოსულა. ერთი არის პირადი დამოკიდებულება, მეგობრობა და მეორე არის - პოლიტიკური ბიოგრაფია და პოლიტიკური სწორი ან არასწორი ნაბიჯები.
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ზურასადმი და სხვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გავიდნენ პარტიიდან, როდესაც ძალიან უჭირდა ჩვენს პარტიას და ივანიშვილს უნდოდა ჩვენი პარტიის განადგურება, ამ ფაქტიდან, ისტორიიდან გამომდინარე, ასევე დღევანდელ დღემდე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უპრიანი მთლად არ უნდა იყოს ზურასათვის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ამ პაექრობაში ჩართვა," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის შიგნით არსებული ვითარება არის კლასიკური მაგალითი როგორც კლანური, ასევე არაფორმალური გავლენებისა და მმართველობის .
"ხაბეიშვილი იქნება თავმჯდომარე, მელია იქნება თუ ასევე ჭიაბერაშვილი გამოჰყავთ ამავე სცენაზე - ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტი არის, რომ ეს პარტია დაცლილია ყველანაირი შინაარსისგან, ინტელექტუალური რესურსისგან, ღირებულებებისგან და ამიტომ, მხოლოდ კომედიის ჟანრში ველოდებით ჩვენ ამ პროცესების გაგრძელებას," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობას" საკუთარ მომხრეებშიც არ აქვთ საკმარისი რეპუტაცია იმისთვის, რომ რომელიმე კანდიდატის გამარჯვება რეალურად დამაჯერებელი იყოს.
"დაღდასმულია ეს პარტია იმით, რომ რეალურად მთელ ქართველ ამომრჩეველს ძალიან კარგად ახსოვს თუ რაოდენ დიდ მანკიერებებთან არის დაკავშირებული ამ პარტიის სახელი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში. დღეს რა არსებული სიტუაციაც არის, ერთ მხარეს მელიას მმართველობა, მეორე მხარეს - ხაბეიშვილის, იმდენად ტოქსიკურია მათ შორის ეს პოლიტიკური გუნდებიც, ამ შემთხვევაში თვითონ ამ პარტიის შიგნით, რომ რეალურად ცდილობენ ალტერნატივის გაჩენას. საკუთარ მომხრეებშიც კი არ აქვთ საკმარისი რეპუტაცია იმისთვის, რომ რეალურად დამაჯერებელი იყოს რომელიმე კანდიდატის გამარჯვება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.