პლანეტის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ყველაზე ხანდაზმული მეთაური - ჯო ანუ ამერიკის 46-ე პრეზიდენტი 80 წლის გახდა. იუბილე რამდენიმე დღის წინ, ნაკლები პომპეზურობით და მხოლოდ ბაიდენების ოჯახურ გარემოში აღინიშნა. თეთრმა სახლმა მხოლოდ ერთი ფოტო გაავრცელა. დაბადების დღე ოჯახის წევრების თანდასწრებით და პრეზიდენტის საყვარელი ქოქოსის ტორტით.
პრეზიდენტის იუბილემდე ერთი დღით ადრე, თეთრმა სახლმა რიგით მეცხრამეტე ქორწილს უმასპინძლა. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯო ბაიდენის შვილიშვილის ქორწილი პრეზიდენტის დაბადების დღეს სპეციალურად დაამთხვიეს, რათა საზოგადოებას ბაიდენის ასაკიდან ყურდღება ღონისძიებაზე გადაეტანა. ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც მეცხრე ათწლეულში შეაბიჯა.
სახელების არევა, საჯარო ღონისძიებაზე ძილი, წაბორძიკება - წლების მატებასთან ერთად ჯო ბაიდენის ასაკზე საუბრები უფრო და უფრო აქტიურდება.
ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტის პრეზიდენტობას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და სტრატეგიულ ნაბიჯებს ყველაზე უკეთ დრო შეაფასებს, თუმცა კრიტიკოსი იქამდეც ბევრია, ბევრიდან უმეტესობა მის ასაკს აკრიტიკებს, თუმცა ხუმრობად ქცეული მიზეზების მიღმა, 80-წლიანი ცხოვრებისეული და 54 წლიანი პოლიტიკური გამოცდილებაა. ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სენატორობიდან, ყველაზე ასაკოვან პრეზიდენტობამდე გრძელი და რთული გზა, არაერთ საინტერესო ფაქტს ინახვას.
დემოკრატი პრეზიდენტის ამ ერთი შეხედვით სახალისო მომენტების მიღმა, პლანეტის უძლიერესი სახელმწიფოს პირველი პირის ურთულესი სამუშაო და ტრაგედიებით აღსავსე ცხოვრება დგას. პირველი მეუღლის, ქალიშვილის და ვაჟის დაღუპვის შემდეგ ჯო ბაიდენმა საკუთარ თავში არც თუ ისე მარტივად იპოვა ძალა ცხოვრების და პოლიტიკური კარიერის გაგრძელების, თუმცა უდიდესი ტკივილის მიუხედავად, როგორც თავად ამბობს, მთავარ მიზნამდე მაინც მივიდა.
სურვილი, რომ გამხდარიყო პრეზიდენტი ბაიდენს ჯერ კიდევ 1998 წლიდან ჰქონდა - 24 წლის წინ ის საკმაოდ ძლიერ კანდიდატადაც განიხილებოდა, მაგრამ მისი პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა, როდესაც გაირკვა, რომ საკუთარ სიტყვაში სხვა პოლიტიკოსების გამოსვლებს იყენებდა. პლაგიატში დადანაშაულებული ბაიდენი მაშინ ბრძოლას გამოეთიშა და სენატაში მუშაობას დაბრუნდა.
პრეზიდენტობისთვის ბრძოლის პირველ წარუმატებელ მცდელობას 2008-ში მეორე მოჰყვა, თუმცა ამ შემთხვევაში მის კამპანიას ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ შეუშალეს ხელი- პრაიმერისში გამარჯვების შემდეგ კი ობამამ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
2021 წელი - ისევ საპრეზიდენტო არჩევნები და ისევ სურვილი, რომ გახდეს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მეთაური. 3 ნოემბერს, ამერიკამ 46-ე პრეზიდენტი აირჩია. დაძაბული ორთაბრძოლა საბოლოოდ ჯო ბაიდენის გამარჯვებით დასრულდა - მან ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო და მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი უპირატესობით დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის 46-ე პრეზიდენტი 80 წლისაა, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. ბაიდენის გეგმები ბევრს აინტერესებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა შესაძლოა მისი მეტოქე ისევ დონალდ ტრამპი იყოს.
აღმოჩნდება თუ არა ჯო ბაიდენი ახალი, თუმცა უკვე კარგად ნაცნობი გამოწვევის წინაშე - ეს 2023 წელს გარიკვევა. 2024 წლის 5 ნომებერს კი ამერიკა რიგით 47-ე პრეზიდენტს აირჩევს. არ არის გამორიცხული ოვალური კაბინეტისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ისევ 45-ე და 46-ე პრეზიდენტები ანუ ტრამპი და ბაიდენი დაუპირისპირდნენ, თუმცა არჩევნებამდე ამერიკას საკმაოდ საინტერესო ორი წელი ელოდება, წარმომადგენელთა პალატას უკვე რესპუბლიკელები აკონტროლებენ, რაც დონალდ ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას მომავალ არჩევნებამდე, დემოკრატი ჯო ბაიდენის დღის წესრიგის გაკონტორლების ძალაუფლებას აძლევს.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე