15 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ეს არის პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარებისთვის, არამედ ეს არის პროცესი ძალაუფლების გადანაწილებისთვის - ანრი ოხანაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ძალაუფლების გადანაწილებისთვის ერთი პარტიის წევრები იბრძვიან.

ამასთან, ანრი ოხანაშვილი ამბობს იმასაც, რომ პარტიის დამფინანსებელმა ოლიგარქმა გადაწყვიტა გარედანაც შეიყვანონ სხვა პარტიის წევრები. 

"ფიქსირდება ის მოცემულობა, როდესაც ერთი პარტიის შიგნით, ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის. ამ ერთი პარტიის შიგნით ბრძოლას ემატებიან, როგორც ჩანს ასევე სუბიექტები, რომლებისაც, მათი მხარდამჭერი ოლიგარქებიც ცდილობენ გარედანაც იქნებ შეიყვანონ სხვა პარტიებიდან ვინმე. მთლიანობაში, ეს არის პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარებისთვის, არამედ ეს არის პროცესი ძალაუფლების გადანაწილებისთვის,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის: "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობაზე ფიქრი რამდენიმე საკითხს უკავშირდება, მათ შორისაა ის, როგორ იმოქმედოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ორგანიზებულად სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პირთა გასათავისუფლებლად და როგორ იქცეს "ნაციონალური მოძრაობა" მშვიდობიანი, ფართო საპროტესტო მოძრაობის საყრდენად.

ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ყოფილი თანაგუნდელების განცხადება. ენმ-ში ჭიაბერაშვილის 6 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას ახსენებენ და აცხადებენ, რომ ჯერ ჭიაბერაშვილი პარტიაში უნდა მისულიყო, ესაუბრა და შემდეგ გაეკეთებინა საჯარო განცხადებები. 

დღის ამბები