ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებისა და არსებულის სრული რეაბილიტაციისთვის 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.
"ტურიზმი არის მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე. ჩემი დავალებით ეს პროგრამა უკვე გამზადებულია და ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც როგორც არსებული ლოკაციების, ასევე, ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება. მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის, არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 200 მილიონ ლარს. ეს თანხა გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი.
"თბილისში ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი. ასევე ჩვენ 30 მლნ ლარით გავუზარდეთ ბატონი ირაკლი ქარსელაძის უწყებას ბიუჯეტი. კულტურისა და სპორტის მიმართულებით გამოიყოფა 55 მილიონი ლარი და ასევე ჩვენს საამაყო პოლიციას დავუმატეთ 35 მლნ ლარი.
ესაა ძირითადი მიმართულებები, რაზეც გადანაწილდება ახალი ბიუჯეტი და დამატებითი რესურსი, რომელიც ჩვენ გამოვნახეთ 660 მლნ ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, მოთხოვნები გაცილებით მეტი იყო, სამინისტროებს ჰქონდათ კონკრეტული გეგმები წარმოდგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რომ ეს არის ის აუცილებლად გასაკეთებელი და დასაფინანსებელი პროექტები და პროგრამები, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას და ზოგადად ჩვენს ხალხს," - აღნიშნა პრემიერმა.