მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ამ საკითხის გარშემო გაკეთებულ განცხადებებს მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საკითხით ოპონენტები მანიპულირებენ.
როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ენდობიან სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ქართველ ექიმებს და თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა უტარდება, ამიტომ ვერ ხედავენ მის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებას.
"მე მგონია, რომ ამ ადამიანის სახელს და გვარს პოლიტიკური, თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. ჩემგან რამდენად სწორია ამაზე საუბარი არ ვიცი, მაგრამ უკვე არაფერში არ წერია. ოღონდ ქულები დაიწერონ, ნაცების აქტივისტები მიიმხრონ ცალკეულმა ჯგუფებმა, ხან მოწამვლას აბრალებენ, ხან ცუდად ყოფნას...ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს და მე მათ მოვუწოდებ, არ გრცხვენიათ? თავიანთი ლიდერი და მხარდამჭერი იყო, ვინც შექმნა, რატომ იყენებენ ასე უდიერად ამ ადამიანის მდგომარეობას?" - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება ის პროცესი, რაც გათვალისწინებულია ქართული კანონმდებლობით.
"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ის კლინიკაში იმყოფება და თვითონ მისივე სტატუსიდან გამომდინარე ის მადლობას უხდის ექიმებს გაწეული დახმარებისთვის. ყველაფერი დანარჩენი უკვე არის ექიმების დასკვნაზე და სასამართლო ხელისუფლებაზე დამოკიდებული, რომელიც იღებს კონკრეტული გადაწყვეტილებებს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
განცხადება ამავე თემასთან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
"არაერთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს, არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კადრულობენ ტყუილებს, ეს ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ასეთი ტყუილები ყველანაირი მზრუნველობისგან არის შორს და აზიანებს პატიმრის ინტერესს. პატიმარი უნდა გადავიდეს თუ არა ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში, უცხოეთში თუ დარჩეს საქართველოში, ამას წყვეტს სამედიცინო კომპეტენტური პერსონალი და პენიტენციური სამსახური," - აცხადებს თეა წულუკიანი.