ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან.
მდინარაძის თქმით, რჩება რვა კანდიდატი, რომლებზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან და ეს კანდიდატები არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.
"დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში ჩავაყენეთ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხზე. ოპოზიციასთან შეხვედრის და უმრავლესობის დღევანდელი სხდომის ერთგვარი საერთო შედეგი შემიძლია, გაგაცნოთ. მოგეხსენებათ, სულ იყო 19 კანდიდატი, აქედან, სამმა მოხსნა კანდიდატურა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა. ბუნებრივია, ამ ადამიანებზე მსჯელობას არ და ვერ გავაგრძელებდით. დარჩენილი კანდიდატებიდან, შვიდ მათგანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია. შეიძლება, ითქვას, რომ თუ არც ერთი პოლიტიკურ ჯგუფი უმრავლესობის ჩათვლით, ფრაქცია "ქართული ოცნების" ჩათვლით, არ უჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, ბუნებრივია, ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. შესაბამისად, მათემატიკური დათვლითაც კი, გნებავთ დავარქვათ თეორიული შანსი ან ა.შ. რჩება რვა კანდიდატი, რომლებზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან. უმრავლესობის გადაწყვეტილებითვე, გაგაცნობთ მათ სახელებს და გვარებს. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით მივედით დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ ამ რვა კანდიდატზე გავაგრძელებთ კონსულტაციებს ოპოზიციასთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.