მთავარ ოპოზიციურ პარტიაში თავმჯდომარის ასარჩევად კამპანია ოფიციალურად არც გამოცხადებულა, თუმცა კონკურენტების წინასაარჩევნო აქტივობები მოქმედი თავმჯდომარისთვის, გაურკვეველთან ერთად, ”სამარცხვინოცაა”. ნიკა მელია მთავარი ოპონენტის ქცევაში არაფორმალური გავლენის შედეგს ხედავს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ჩრდილოვან მმართველობას საკუთარ პარტიაში ებრძვის. ვინ დგას კულისებში და იკვეთება თუ არა ყოფილი ძალოვანი მინისტრების ხელწერა - მელია კონკრეტიკაზე დღესაც უარს ამბობს. საუბარი არ სურს არც იმაზე, ვისი ინტერესი შეიძლება იყოს პოლიტიკურ სცენაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოყვანა, პოლიტიკოსის, რომელმაც ”ნაციონალურ მოძრაობა” ცნობილი დაპირისპირების შემდეგ დატოვა, ახლა კი პარტიის სათავეში მოსვლის მოულოდნელი სურვილი გამოთქვა.
ღიად დადასტურებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ, თუმცა ზურაბ ჭიაბერაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას კეზერაშვილი - მერაბიშვილის გეგმის ნაწილად აქტიურად განიხილავენ პარტიაში. იმ შემთხვევაში, თუ ჭიაბერაშვილი კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებს, ლევან ხაბეიშვილს კონკურენტს მისივე მხარდამჭერი გუნდიდან დაუპირისპირებენ. ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი კეზერაშვილი-მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის კავშირებს არასერიოზულს უწოდებს, თუმცა მიაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიცია პარტიის წევრებმა უნდა დაიკავონ და არა გარე პირებმა.
რა გეგმა აქვს "ნაციონალური მოძრობის" ყოფილ წევრს, როგორ წარმოუდგენია პარტიიდან წასვლის შემდეგ თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნება და მიმართავს თუ არა ოფიციალურად პოლიტსაბჭოს განაცხადით?- ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიის კითხვებს დღეს არ პასუხობდა. მის სურვილს სკეპტიკურად უყურებენ ორად გაყოფილ პარტიაში.
”ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს მმართველი პარტია გავლენებისა და ფინანსებისთვის ბრძოლად აფასებს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ახლა ყველზე დიდი ოპოზიციური ძალა მთავარი გამოწვევის წინაშე დგას - აიღებენ თუ არა ყოფილი ძალოვანები პარტიაზე სრულ კონტროლს.
მთავარი ოპოზციური პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები პოლიტიკურმა საბჭომ უნდა წარადგინოს. ამისთვის თითოეულ მათგანს მინიმუმ 5 მხარდამჭერის თანხმობა დასჭირდება. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯერჯერობით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობის სურვილი ამ 4 კანდიდატს აქვს.