26 აგვისტო 2026,   04:30
ვრცლად
2023 წლიდან დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი დაემატება - კახა კალაძემ დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა

2023 წლიდან დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი დაემატება, ასევე გაგრძელდება საჯარო ტრანსპორტის ჩანაცვლება-განახლება. კახა კალაძემ დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

თბილისის მერმა ქალაქში არსებული 13 პრობლემური კვანძის შესახებ ისაუბრა. კახა კალაძემ  200 ახალი 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაც დააანონსა.

"ავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდა და გაიზარდა, 655 ავტობუსიდან 860 ერთეულამდე ავიდა. სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი და დღეს ქალაქს 1000 ახალი მიკროავტობუსი ემსახურება. ასევე, მეტროს დაემატა 32 და კაპიტალურად შეკეთდა 79 ერთეული ვაგონი.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და პრობლემები. გვაქვს 13 პრობლემური კვანძი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას. ამიტომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს.

რა უნდა გავაკეთოთ? 13 კვანძის მოწესრიგება, რითაც ჩვენ შევძლებთ შევკრათ 10 სატრანსპორტო დერეფანი და შესაძლებელი იქნება ავტობუსის, მიკროავტობუსის სწრაფად გადაადგილება. დამატებით 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. დამატებით 40 ახალი ვაგონი მეტროსთვის, მეტროსადგურების რეაბილიტაცია-განახლება, სატრანსპორტო ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემის დანერგვა და ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპი," - განაცხადა კალაძემ.

კალაძის პრეზენტაციას "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი და "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელი, გიორგი ბაბუნაშვილიც ესწრებოდნენ.

ლალიაშვილის თქმით, ქალაქში არსებობს პრობლემები, თუმცა მათი გამოსწორება ერთიანი პროცესია და ამ მხრივ მერის პრეზენტაცია დამაიმედებელი იყო.

გიორგი ბაბუნაშვილმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტები, რომლებიც კალაძემ გააჟღერა არის აპრობირებული და არაა ექსპერიმენტული.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია რომ სატრანსპორტო გეგმის შემუშავებაში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი ექსპერტები და განაცხადა, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად და კონკრეტული გეგმის მიხედვით კეთდება.

დღის ამბები