დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ამჯერად უთანხმოების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, "ქართული ოცნების" ოფისთან დაგეგმილი აქცია გახდა.
აქცია პარტიის ცენტრალურ ოფისში, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე, ლევან ხაბეიშვილმა დაანონსა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ ღონისძიებებს პარტიის თავჯდომარე უნდა აორგანიზებდეს და არა თავჯმდომარეობის კანდიდატი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ახლა მთავარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
"მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკისგან დისტანცირება და აუცილებელია, ყველა, ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობას და სამკურნალოდ გადაყვანას. ის სთხოვს ყველა გულშემატკივარს უგულშემატკივრონ მის ჯანმრთელობას და არ დააკავშირონ პოლიტიკასთან. მე არ ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი მანიპულირებს რამით, ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ყველგან მივალთ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს იცავენ," - აცხადებს ხერხეულიძე.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" კიდევ ერთი წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა პოლიტიზირდეს.
"აქციასთან დაკავშირებით არ უმსჯელია პარტიას. გუშინ იყო დეკანოიძე შესული და ის გვეტყვის მის პოზიციას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ამ საკითხს არ უნდა მიეცეს პოლიტიკური სახე. თუ იმდენად დამძიმდა მდგომარეობა, რომ სასამართლოზე ვერ მოვიდეს, შეიძლება ასჯერ მეტი აქციები დაგვჭირდეს," - აცხადებს რომან გოცირიძე.