მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელი მისივე თანაპარტიელების ნაწილის დაანონსებული აქციაა. ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია დღეს "ვივამედიდან" გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ გაახმოვანა. ხაბეიშვილის იდეას - "ქართული ოცნების" ოფისთან გააპროტესტონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, პოლიტიკაში ჩართვის მცდელობად აღიქვამს თავად პატიმარი და თანაგუნდელებს მოუწოდებს, მხოლოდ ჯანმრთელობაზე კონცენტრირდნენ.
ამბობენ, რომ სააკაშვილის პოზიცია მნიშვნელოვანია, თუმცა პარტიაში ბრიფინგი, სადაც აქცია დააანონსეს, სასწრაფო წესით წუხელ ღამის 12 საათზე ისე ჩანიშნეს, რომ პარტიის ნაწილიც კი ინფორმირებული არ იყო. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორების ჯგუფს, სურვილი აქვს პროტესტს პარტია სრული შემადგენლობით შეუერთდეს.
ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პარტიაში აზრი ორად გაიყო - ნიკა მელიას ფრთა მიიჩნევს, რომ აქციები პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ უნდა დააანონსოს და არა რომელიმე კანდიდატმა.
"ქართული ოცნების" ოფისთან დაანონსებულ აქციას, არასერიოზულად აღიქვამს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, "ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ გავლენების გაძლიერებას უკავშირდება და ეს პროცესი მათი თქმით, ოპოზიციურ პარტიას ასუსტებს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ამ ეტაპზე 3 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. სავარაუდოდ მათ რიგებს მალე ზურაბ ჭიაბერაშვილიც შეემატება, თუმცა, როდის ეყოლება პარტიას ახალი ლიდერი, ჯერ უცნობია - არჩევნების თარიღი ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ არ გამოუცხადებია.