პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივას უყრის კენჭს. ეს ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. იქმნება სპეციალური ორგანო, რომელიც ქვეყნის ანტიკორუფციულ გეგმასა და პოლიტიკას შეიმუშავებს. მას არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია.
ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ ბიურო დამოუკიდებელი ვერ იქნება, რადგან თავმჯდომარეს პრემიერი ნიშნავს.
"თუ "ქართულმა ოცნებამ" ანტიოლიგარქიული კანონი გადმოიტანა უკრაინიდან, ძალიან კარგი იქნებოდა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის კანონმდებლობაც უკრაინიდან გადმოეღო. იმიტომ რომ იქ ნამდვილად არის გამართული სისტემა, მე ვიცი ძალიან კარგად, თუ როგორ მუშაობს იქ ბიურო. მაგრამ ისეთი ბიურო, რომელიც მხოლოდ პროფანაციაა და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ამ ბიუროს წარმომადგენელს, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთხელ გაგდებული იყო კორუფციის გამო ბიძინა ივანიშვილის მიერ, მე არ მესახება, რომ ეს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპონენტების შენიშვნა სპეკულაციურია.