ბუქარესტის მინისტერიალი დასრულებულია. ორი დღის განმავლობაში 30 ქვეყნის პირველი დიპლომატი მსჯელობდა, როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას, რათა შეძლოს რუსეთის დამარცხება და ამ რთული ზამთრის გადატანა. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, "ნატოსთვის" შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია სტრატეგიული ხდება. ალიანსში თანხმდებიან, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მეტი დახმარება სჭირდებათ.
ამ თემაზე უფრო დეტალურად ისაუბრეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ბოსნია-ჰერცეგოვინას და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, საქართველოს პირველი დიპლომატიც ესწრებოდა. ილია დარჩიაშვილმა მიღებული მთავარი გზავნილები მედიასთან უკვე შეაფასა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ცალსახად გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
"მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მნიშვნელობაზე, ჩვენს ურყევ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ საქართველომ შეასრულოს იმ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტებისკენ ძლიერი სვლა, რომელიც ჩვენ თავის დროზე ავიღეთ. დღეს, ასევე, სიმბოლურია რომ ვიმყოფებით ბუქარესტში, მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები.
ცალსახად ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ უჭერენ მხარს საქართველოს პროგრესულ ინტეგრაციას ნატო-ში და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ნატო-ს ერთგულ პარტნიორს რეგიონში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავს ფორმატებში ჩვენი წარმოჩენა გააძლიერებს, ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით," - განაცხადა დარჩიაშვილმა.