"თბილისი - მშვიდობის ქალაქი" - თბილისის საახალწლო სლოგანი პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახდა. ოპოზიციის ნაწილი სლოგანს მეორე ფრონტის ნარატივის გაგრძელებად განიხილავს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ხელისუფლება თავს იწონებს იმით რომ ქვეყანაში არ არის ომი, რაც უადგილო და უხერხულიც არის უკრაინასთან.
"ქალაქში, საიდანაც 20 კილომეტრის მოშორებით დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარები, მშვიდობაზე ლაპარაკი არის უკიდურესი უმეცრება და მავნებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის, ხალხს უნდა რომ პოზიტიური ემოციები ჰქონდეს, კალაძეს გადაწყვიტა, რომ საახალწლოდ ჩვენს მოსახლეობას შეახსენოს ომი და თბილისი არ არის მარიუპოლი, რითიც კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას აყენებს როგორც ჩვენს პარტნიორებს, ისე მთლიანად ქართულ საზოგადოებას," - განაცხადა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ.
ამასთან, სამოქალაქო აქტივისტის შუშანა მაცაბერიძის შეფასებით, სლოგანზე უნდა ეწეროს, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით და ჰყავს საერთო მტერი. აქტივისტის თქმით, დაუშვებელია იმ ნარატივის გაჟღერება, რომელიც თბილისის მერიამ გამოიყენა.
"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელიასაშვილის განცხადებით, გაუგებარია, რა შუაშია სლოგანი საახალწლო ნაძვის ხესთან.
"კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, წლები ცხოვრობდა იქ, ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს?!
რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე საერთოდ? ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, "რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი" დააწეროს. თბილისი აღარ არის ქართული ქალაქი, ეს არის "რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.