მინისტერიალზე, რომელიც სიმბოლურად კვლავ ბუქარესტში ჩატარდა საქართველოს უთხრეს, რომ არაფერი შეცვლილა და ნატოს საქმეებში რუსეთისთვის ჩარევის უფლება არავის მიუცია. მოსმენილით კმაყოფილია თბილისი.
რუსული საფრთხის ქვეშ მხოლოდ საქართველო რომ არაა, ჩრდილო-ატლანტიკურ გაერთიანებაში დღეს კარგად ესმით. ამიტომ ნატომ შეკრიბა ყველა, ვინც უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის შესაძლო სამიზნედ განიხილებოდა. ისეთებიც, რომლებიც ნატოსკენ ისწრაფვიან, და ისეთებიც, რომლებსაც ნატოზე არც კი უფიქრიათ, თუმცა ახალმა რეალობამ ახალი ინტერესები გაუჩინათ.
გავლენა ომმა მთელ მსოფლიოზე მოახდინა. მთელს მსოფლიოზე ექნება ეფექტი ომის შედეგებსაც. ამიტომაც ნატოელები მონდომებულები არიან, რომ პუტინს არ გაამარჯვებინონ. საამისოდ უკრაინას ყველანაირ მხარდაჭერას მიაწვდიან, რათა ფრონტის ხაზზე კიევი მუდმივად დაწინაურებულ მდგომარეობაში იყოს. ნატო ცდილობს უკრაინა გაკვეთილად აქციოს, ეს გაკვეთილი კი საქართველოს მხარდაჭერაშიც უნდა გამოიხატოს.
მადრიდის სამიტზე გაჟღერებული "საჭიროებებზე მორგებული პაკეტის" იმპლემენტაცია გრძელდება. ახალი ზომები საქართველოს მედეგობის, კიბერ სივრცის, ქიმიურ-ბიოლოგიურ,რადიოლოგიურ და ბირთვულ უსაფრთხოებისა თუ კრიზისის მენეჯმენტის კუთხით ქვეყანასთან მუშაობას გულისხმობს. ყურადღების ქვეშაა შავი ზღვა. "მზად ვართ საქართველოს იმაზე მეტად დავეხმაროთ, ვიდრე აქამდე " - აღნიშნავს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი"რუსთავი 2-თან" ინტერვიუში.
"შავ ზღვას, კავკასიასთან და ბალკანეთთან ერთად ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. როლი, რომელიც საქართველოს და მის ძალებს შეუძლია შავ ზღვასა და კავკასიაში სტაბილურობისთვის ითამაშონ - ფუნდამენტურია. მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მარტივი მისახვედრია, რომ არსებობს ნება-სურვილი, რომ იყოს მეტი ნატო საქართველოში და მეტი თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ძალიან დამაკმაყოფილებელი, ნატოსთვის და ალიანსისთვის, მხოლოდ ერთი ნაწილი გვაკლია, მნიშვნელოვანი ნაწილი რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა," - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ.
ბუქარესტში გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალი კარგი შეხსენებაა საქართველოსთვის, რომ არსებობენ პარტნიორები, ვისი იმედიც თბილისს მუდმივად შეიძლება ჰქონდეს.
ნატო პირობას დებს, რომ უკრაინას მისი მხარდაჭერა არც ფრონტის ხაზზე მოაკლდება და არც ამ მძიმე ზამთარში,როდესაც რუსული ძალები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. თავად კიევი კი ალიანსს მოუწოდებს წევრობაზე განაცხადი დროულად განიხილოს, რათა წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდეს.