ზურაბ ჭიაბერაშვილი საარჩევნო რბოლას გამოეთიშა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის სურვილი მას რამდენიმე დღეში გაუქრა. ახლა ერთმანეთის პირისპირ კვლავ ორი მთავარი კანდიდატი რჩება - ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პარტიაში უკვე დამოუკიდებელ სვლებს აკეთებს და თავმჯდომარეს არაფერს არ ეკითხება.
2 ბანაკად გაყოფილ პარტიაში განხეთქილების მიზეზი ამჯერადაც ის აქცია გახდა, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დააანონსა. მოქმედმა თავმჯდომარემ დღეს კონკურენტ კანდიდატს პროტესტის დაანონსების ფორმა დაუწუნა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის წევრთა ნაწილი კონკრეტულ ნაბიჯებს დამოუკიდებლად დგამს. მელიას საპასუხოდ, ხაბეიშვილმა დღეს პირველად განმარტა რატომ ჩანიშნა სპეციალური ბრიფინგი ღამის 12 საათზე და ვისთან შეათანხმა ეს გადაწყვეტილება.
პარტიაში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ, თუმცა ფაქტია, რომ თითქმის ყველა საკითხი "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილების მიზეზი ხდება. მორიგი დაპირისპირების საგანი, შესაძლოა, არჩევნების გადადების იდეაც აღმოჩნდეს, რომელიც დღეს პირველად გია ბარამიძემ გააჟღერა. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დააყენოს.
ერთადერთი, რაზეც ორ ბანაკად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" თანხმდებიან, სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილის გადაწყვეტილებაა. პარტიაში ამბობენ, რომ მათთვის თავიდანვე გაუგებარი იყო, რატომ ისურვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა, მაშინ როდესაც ის პარტიის წევრიც არ არის.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში მხოლოდ გავლენების გაძლიერებას უკავშირდება.
როდის ჩაინიშნება არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში", ჯერ უცნობია. პარტიას ამ დრომდე შიდა არჩევნების კონკრეტული თარიღი არ უთქვამს.