"ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებაში და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში," - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.
რიკერის თქმით, იგი მოხარულია, რომ კვლავ ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან რეგიონალური საკითხების განსახილველად.
"მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონალური მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებაში და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერის გზით, საქართველო აგრძელებს რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას და მახარებს პრემიერ-მინისტრთან კვლავ შეხვედრა რეგიონალური საკითხების განსახილველად," - აცხადებს ფილიპ რიკერი.