15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
გაერთიანდებიან თუ არა ხაბეიშვილი და მუმლაძე მელიას წინააღმდეგ - რა აჩვენა "კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარტიის შიდა კვლევამ

გაერთიანდებიან თუ არა ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას წინააღმდეგ, "კურიერის" ინფორმაციით, პარტიის შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიკა მელია ორივე კანდიდატს უსწრებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ორი კანდიდატი მესამეს წინააღმდეგ გაერთიანდეს.

ვერსიას უარყოფენ ხაბეიშვილის მხარდამჭერები და გიორგი მუმლაძე. 

"არჩევნებში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და გაერთიანებაზე რომ ვლაპარაკობდეთ, პირობითად, არჩევნებამდე, შესაბამისად, ვიტყოდი, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ხომ? მაგრამ, რადგან ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მხარდამჭერები როგორც გადაწყვეტენ, მათი ნება-სურვილის შესაბამისად დალაგდება კონფიგურაცია პარტიაში. არსებობს კითხვები, მათ შორის, ნიკა მელიას გარშემო. პირდაპირ ვამბობ, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გარკვეულ მანიპულაციებს facebook-თან დაკავშირებით, ახლა ეს კვლევა, ვინ ჩაატარა და რა ფარგლებში არ ვიცი, ამიტომ შესაძლოა ესეც იყოს გარკვეული მანიპულაცია," - განაცხადა გიორგი მუმლაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბარში.

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მას სამ კანდიდატს შორის გაამრჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

"არანაირი შიდა კვლევა პარტიაში არ ყოფილა. სამივე კანდიდატი დამოუკიდებლად იღებს გადაწვეტილებას და დამოუკიდებელ კამპანიებს აწარმოებენ და ეს სავარაუდოდ, ასეც დარჩება. 

რაც შეეხება გამარჯვების შანსს, გამარჯვების შანსი, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი აქვს ლევან ხაბეიშვილს. დანარჩენი კანდიდატებს უნდა ვკითხოთ, კიდევ ვინმე დაემატება თუ არა, როგორი პროგრამა ექნებათ და ასე შემდეგ," - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების თარიღი კი კვირის ბოლოს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე გაირკვევა კენჭისყრის ფორმატიც. მსჯელობა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.

დღის ამბები