ბრიუსელში დღეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალი ტარდება - შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კოლეგებს შეხვდებიან.
დისკუსიის თემებია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავლის განსაზღვრა, ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები.
"ეს არის პირველი მინისტერიალი, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გაიმართება. განვიხილავთ, თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ქვეყნებთან. ეს არის ძალიან განსხვავებული ქვეყნები და მათ მიმართ რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული. დღის წესრიგში გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი. შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. საბოლოო გადაწყვეტილება საბჭომ უნდა მიიღოს," - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალვარესმა განაცხადა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმისთვის, რომ მომდევნო ნაბიჯების მოსამზადებლად თითოეულ ქვეყანასთან დიალოგში ჩაერთონ.
"მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას რამდენიმე კვირის წინ მადრიდში. გადავეცი გზავნილი, რომ რა თქმა უნდა მათთვის არსებობს ევროპული ნიმუში, რომელიც აუცილებელია ვნახოთ ევროპულ ოჯახში. ეს ის გზავნილია, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზეც გავაჟღერებ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმისთვის, რომ ჩავერთოთ თითოეულ მათგანთან დიალოგში, რომ მომდევნო ნაბიჯებისთვის მოვემზადოთ," - ამბობს ხოსე მანუელ ალვარესი.