პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიცვლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ვეღარ შეძლებენ. იქნება სხვა სიახლეებიც, მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის მოხდება.
გარდა ამისა, სპეციალურ პირობებს შესთავაზებენ სტუდენტებს, რომელთა ასაკიც 23 წლამდე იქნება. მათ წელიწადში ერთთვიანი სამხედრო მოსამზადებელი კურსის გავლის შემთხვევაში სწავლის დამთავრების შემდეგ რეზერვის სტატუსი მიენიჭებათ.
რაც შეეხება 2017 წელს "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ კითხვას, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ სამხედრო სამსახურს წელს თავი აარიდა 12 000-მა პირმა, მათ შორის 10 000-მა სწორედ "გირჩის" მექანიზმის საშუალებით. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, ეს არ არის არც ლოგიკური, არც კანონიერი და არც სამართლიანი.
"წელს თავი აარიდა 12 000-მა პირმა, აქედან 10 000-მა ისარგებლა ზუსტად ამ შემთხვევით, ვგულისხმობ "გირჩს." ეს არ არის არც ლოგიკური, არც კანონიერი და არც სამართლიანი. არ შეიძლება, ასეთი საშუალება დავტოვოთ ქვეყანაში. ეს პირდაპირპროპორციულად აზიანებს ჩვენს უსაფრთხოებას.
ასევე, თავდაცვის კოდექსის მნიშვნელოვანი პუნქტია მოხალისეობა. მოხალისეობა სრულად იქნება თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი და მოექცევა ჩარჩოებში. ჩვენ აღარ დავტოვებთ ისეთ საფრთხეებს, რაც შეიძლება, წარმოეშვას ქვეყანას და მივიღებთ გაცილებით მასშტაბურ რეზერვს," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.