15 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
როდესაც სასამართლო მოსმენებია, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით - კელი დეგნანი სააკაშვილზე

სააკაშვილის საქმეზე პროცესი უნდა წარიმართოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, აცხადებს კელი დეგნანი. შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს.

"მთავრობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაიცვას სააკაშვილის უფლებები, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევა, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და, რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. მაშინ, როდესაც სასამართლო მოსმენებია და პროცესი მიმდინარეობს, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით,"- ამბობს დეგნანი.

შეფასებას აკეთებს ევროკავშირის ელჩიც.

"შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი უფლება სრულად დაცული იყოს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება. იმედი მაქვს, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინრეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.

მოხარული ვართ იმით, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გადაწყვიტა არ გააგრძელოს შიმშილობა, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არ წაადგებოდა. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რომლის გადადგმასაც საქართველოს სასამართლო გადაწყვეტს,"  - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკი

დღის ამბები