შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე დეპუტატების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ, იშიმშილონ, ასევე მნიშვნელოვანია, ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ პარლამენტში იყოს სიმშვიდე.
"პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი, საბოლოო ჯამში, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან," – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.