18 მილიარდი ევრო უკრაინას და დამატებითი სანქციები რუსეთს - დახმარების მეცხრე პაკეტი ევროკავშირის ლიდერებმა 2022 წლის ბოლო სამიტზე დაამტკიცეს.
"ევროკავშირი ერთგული რჩება, პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს უკრაინის ფინანსური დახმარება და მხარი დაუჭიროს მის მდგრადობასა და გრძელვადიან რეკონსტრუქციას. ამ კონტექსტში ევროკავშირი დათანხმდა უკრაინისთვის 2023 წელს 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას", - აღნიშნულია სამიტის შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში. ლიდერების განცხადებით, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
"ევროპულმა საბჭომ დაადასტურა გადაწყვეტილება. უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მარკო-ფინანსური დახმარება ხელშესახებია. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირი დაპირებას ასრულებს. ასევე მაქვს შესაძლებლობა გითხრათ, რომ ჩვენ მივესალმებით გადაწყვეტილებას საგადასახადო საშუალებების თვალსაზრისით რესურსების გაზრდის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფოსთვის, თუმცა განსაკუთრებით უკრაინისთვის," - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
ევროპული კომისიის პრეზიდენტის თქმით კი ევროკავშირი მეზობლის მხარდასაჭერად წინა ხაზზეა და ეს ასეც დარჩება.
"მოგეხსენებათ, წელს ევროკავშირმა უკრაინას 19,7 მილიარდი ევროს მხარდაჭერა გაუწია. ჩეხეთის პრეზიდენტობის ხელმძღვანელობით მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით 18 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების შესახებ 2023 წელს. ევროკავშირი მეზობლის მხარდასაჭერად წინა ხაზზეა და ეს ასეც დარჩება," - განაცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.