15 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლევანდელი წელი გამოირჩეოდა ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენით, ეს არის საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, მმართველმა გუნდმა მკაფიო საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას და პარტნიორებს.

"წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. დამეთანხმებით, რომ ჩვენი ყველას მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, სამწუხაროდ, კარგად გვესმის ჩვენ ყველას, რომ არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

არ მინდა, ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ გაცილებით, ორჯერ, სამჯერ მეტად წინ ვართ და ვიყავით იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ გასაგებია, გვესმის ჩვენ ყველას კარგად, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ომში იმყოფება ქვეყანა, ასევე მოლდოვა ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. ასე, რომ ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია, თუმცა ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მოლდოვასა და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.

მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, იმავე დღეს, მმართველმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ, ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ იყვნენ სრულყოფილად ჩართულნიო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა ბოლოს გარკვეულმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა.

მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპტირებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები