საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა. ამასთანვე, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ, როდესაც ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება, მთელს მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია და არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი, ამ ვითარებაში საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.
"ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო, ომიდან გამომდინარე, ნეგატიური ეფექტებისა და გავლენების შემცირება. რისკების დაზღვევა და საფრთხეების შემცირება. ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მაშინ, როდესაც ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება, მთელს მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია და არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. თანაც ეს არ მომხდარა მხოლოდ წელს. გასულ წელსაც ჩვენ წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც ბუნებრივია, აისახება ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე", - განაცხადა პრემიერმა.