საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება. ადვოკატის ინფორმაციით, თავად ექსპრეზიდენტი სხდომას ონლაინ არ ჩაერთვება, რადგან მისი მდგომარეობა რთულია.
სხდომაზე, რომელიც სასჯელის გადავადებას ეხება, ამერიკელი ფსიქიატრის, ერიკ გოლდსმიტის შემდეგ, ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი უნდა გამოიკითხოს.
ადვოკატების პროგნოზით, განაჩენის გამოსატანად რამდენიმე სხდომა იქნება საჭირო. დაცვას იმედი აქვს, რომ პროცესები დაჩქარდება. სასამართლო ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქციის ფონზე ჩაივლის.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა ბატონ სააკაშვილს. მას ფაქტიურად, აღარანაირი მკურნალობა აღარ უტარდება. ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ რაც ექსპერტიზის დასკვნაში დევს, იმის საწინააღმდეგო ექიმები მოიყვანონ, რომლებსაც ბევრს არ გააჩნია ლიცენზიები და ამაზე შემდგომ გვექნება საუბარი. ცდილობენ, რამენაირად უარყონ თუ რაიმე დიაგნოზები არსებობს," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
შალვა ხაჭაპურიძემ, ასევე ამერიკელი ექსპერტის, ერიკ გოლდ სმიტის შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, ერიკ გოლდსმიტის დასკვნა ნიუ-იორკის სასამართლომ რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეზე ეჭვქვეშ დააყენა.
"800 საქმეზე ენდო ამერიკის სასამართლო. ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეები, მტკიცებულებები არის შემთხვევები, როდესაც ერთი მხარისას იზიარებს და არის შემთხვევები, როდესაც მეორე მხარისას არ იზიარებს. ჩვეულებრივი მუშა პროცესია და რატომ არ უნდა ენდოს? თუ მას არ ექნებოდა ლიცენზია, მაშინ კი ბატონო, დადგებოდა ეგ საკითხი. ეს არის თითიდან გამოწოვილი," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.