"ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "სარაგოსას" სტუმრად მოუგო. მატჩი დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.
ძირითადი დრო 73:73 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში ტენერიფემ 14:10 მოიგო. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, რაც MVP-ის ტიტულის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
ტენერიფემ სეზონში მე-12 მატჩი მოიგო და დროებით მე-3 ადგილზე გადავიდა. თუ "ბასკონია" "ბადალონას" ვერ მოუგებს, ტენერიფე მესამე ადგილს შეინარჩუნებს. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში აუტსაიდერთა ზონაში მყოფ "ბეტისს" უმასპინძლებს.