17 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ძმები კაკულიების საქმე - იცნობდნენ თუ არა ბრალდებულები და დაზარალებულები ერთმანეთს, ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ არის

ძმები კაკულიების საქმე - სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის ჩვენებები, იმ შემთხვევაში გამოქვეყნდება, თუ ისინი სასამართლოს წინაშე დაკითხვაზე უარს იტყვიან. ამ დრომდე დაზარალებულები პროცესზე არ მისულან. ბრალდების მხარემ დღეს თქვა, რომ კაჭკაჭაშვილი სამოგზაუროდაა წასული, რეაბილიტაციის მიზნით ქვეყანა დატოვა ქურთიშვილმაც. პროკურორმა სხდომაზე საზღვრის კვეთის დამდასტურებელი დოკუმენტაციებიც წარადგინა.

იცნობდნენ თუ არა ბრალდებულები და დაზარალებულები ერთმანეთს - ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ არის. უცნობია ასევე რა მოტივი შესაძლოა ჰქონოდათ დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომ 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე, სერგი ქურთიაშვილისთვის და გიორგი კაჭკაჭაშვილისთვის ესროლათ.

დაზარალებულების დაკითხავს ელოდებიან დავით და გურამ კაკულიების ადვოკატებიც. ინტერესების დამცველები არ გამორიცხავენ, რომ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის მთავარი მოწმეების ჩვენებებმა, გამოძიებას ახალი ინფორმაცია მიაწოდოს.

რა ფორმით დაიკითხებიან დაზარალებულები სასამართლოზე, ამის შესახებ სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი. დღევანდელ პროცესზე კი სასამართლოს ბრალდების კიდევ ხუთმა მოწმემ მისცა ჩვენება. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები, ექსპერტები და იყო ქალი რომლისგანაც, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გორგასლის ქუჩაზე ბინა იქირავეს.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ გურამ და დავით კაკულიებიც, თუმცა ბრალდებულებმა დღესაც არაფერი თქვეს და ისინი კვლავ დუმილის უფლებას იყენებენ.

დღის ამბები